ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, თხმელის ციხე.

თხმელის ციხე—ციხესიმაგრე ისტორიულ დასავლეთ საქართველოში, იმერეთში (ბაღდათის ტერიტორია), მდინარე ხანისწყლის ნაპირას. ვახუშტი ბატონიშვილის და თურქი ისტორიკოსის მეჰმედ რაშიდის ცნობით ბაღდათის ციხე ააგეს ოსმალებმა და შიგ თავიანთი მეციხოვნე ჩააყენეს (1660 წ.). ბაღდათის ციხე თავდაპირველად თხმელისაგან იყო აგებული და თხმელის ციხესაც ეძახდნენ. მოგვიანებით თურქებმა აქ ქვის ციხეც ააშენეს. არაუგვიანეს 1660-1770 წლებში ბაღდათის ციხე იმერეთის ერთი იმ ოთხ ციხეთაგანი იყო, სადაც თურქთა გარნიზონი იდგა და ამოწმებდა იმერეთიდან მესხეთში მიმავალ გზას. დღეისათვის ბაღდათის ციხის მხოლოდ სარდაფია შემორჩენილი.1996 წელს შეიქმნა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის საღვდელმთავრო რეზიდენცია, აქვე განთავსებულია წმინდა მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერი.

 

ნაკაშიძეების საგვარეულო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

უნიკალური კოლექცია ძველებური საბრძოლო და თავდაცვითი იარაღებით

ენოთეკა

საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები.

 

დევაძეების ეკლესია

 ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული ძეგლი მდებარეობს  ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ წითელხევში მდ. კორისწყლის ნაპირებზე. ძველად წითელხევის სადემეტრაოს უწოდებდნენ. სოფელი ზღვის დონიდან 200 მეტზე, ბაღდათიდან კი 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს . დევაძეების ეკლესია X-XI საუკუნეების არქიტექტურულ ძეგლს მიეკუთვნება, გვიან შუა საუკუნეებში გადაკეთდა. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია დევაძეების ეს ეკლესია დღეს მოქმედია.

ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი

 რუსი პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი დაიბადა მეტყევის ოჯახში 1893 წ. სოფ. ბაღდადში. 1902 წლიდან სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მამის სიკვდილის მერე 1909 წლიდან მოსკოვში გადასახლდა ოჯახთან ერთად. სწავლა მე-5 კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. 1908 წ. იგი გახდა ბოლშევიკური პარტიის წევრი. ფუტურისტებთან კავშირისათვის გარიცხეს სასწავლებლიდან. პირველი ლექსები 1912 წელს გამოაქვეყნა.

ქართული თემა აისახა მის ლექსებსა და პოემებში “ვლადიკავკასი თბილისი”, “ჩვენს ახალგაზრდობას” “მექსიკა”, “თამარი და დემონი”. იგი აღნიშნავდა, რომ ვალში იყო “ბაღდადის ზეცის წინაშე”, მისი ლექსები ითარგმნა ქართულ ენაზე. 1940 წ. მისი სახელი ეწოდა მშობლიურ სოფელს ბაღდადს. 1941 წ. გაიხსნა მისი სახელობის სახლმუზეუმი.

 

ვარციხე, (როდოპოლისის ციხე)

  შუა საუკუნეებში იყო ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი,ქართულ წყაროებში ვარციხე,ვარდციხე) VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. სავარაუდოდ დაარსებულია ჩვენი წელთაღრიცხვით მე-II საუკუნეში და ეგრისის სამეფოს ქალაქი იყო. ირანი-ბიზანტიის ეგრისის ომის დროს (542-563 წ) ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის საზაფხულო რეზიდენცია იყო.

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა.