საირმე

 

 კურორტი საირმე მდებარეობს წაბლარისწყლის ხეობაში. 800 მეტრი ზღვის დონიდან, მანძილი თბილისიდან 245 კმ-ია, ბაღდათიდან 23 კმ, ქუთაისიდან 50 კმ.

  ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს. თქმულების მიხედვით წყალი დაჭრილ ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვაზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. აქედან უწოდეს  ამ ლამაზ ადგილს ,,საირმე“. ადგილს ყურადღება მწყემსებმაც მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს – ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა, თოვლი ფეხს ვერ იკიდებდა, მიწა კი წვიმის მოსვლამდე რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. ,,ჯადოსნური“  ველის საიდუმლოს ფარდა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს. 1930-იან წლებში საირმეს კურორტის სტატუს ოფიციალურად მიენიჭა. აშენდა პირველი სანატორიუმები. დაიწყო ინფრასტრუქტურის გამართვაც. სამკურნაო ფაქტორია ,,ნარზანის“ ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი (წყარო N1 და N3) და ,,ბორჯომის“ ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი (ჭაბურღილი N4 და N5) მინერალური წყალი საირმე.  საირმეში ფუნქციონირებს სანატორიუმი, დასასვენებელი და საკურორტო კოლიკლინიკა. სეზონი ოფიციალურად მაისში იხსნება და ნოემბრამდე დამსვენებლებს ღებულობს სხვადასხვა ტიპის სასტუმროები თუ დასასვენებელი დაწესებულებები.