სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომ – სააგენტო) განიხილა გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარმოდგენილი თქვენი 27/10/2025 წ. განცხადება (სააგენტოს: N23723 27/10/2025) და დაგეგმილი საქმიანობის (ქ. ბაღდათში, შპს „საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის“ საკანალიზაციო სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომ – გზშ) ანგარიში, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და გაცნობებთ, რომ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით დაზუსტებას საჭიროებს შემდეგი საკითხები:
ა) გზშ ანგარიშში მოცემული ინფორმაციისა და დანართის სახით წარმოდგენილი შპს „მყარი
ნარჩენების კომპანიასთან“ შეთანხმების თანახმად, ნარჩენი ლამის შემდგომი მართვა (განთავსება)
დაგეგმილია, ნაგავსაყრელზე მიღებული ნარჩენების გადასაფარად და გაცნობებთ, რომ
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების,
დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ დადგენილების 35-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია „ნაგავსაყრელი გადაფაროს ყოველდღიურად ნიადაგის საფარით +5˚C-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში, ხოლო +5˚C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში – სულ მცირე 3 დღეში ერთხელ“, შესაბამისად, ანგარიშში მოცემული ნარჩენი ლამის შემდგომი მართვის ღონისძიებები არ შეესაბამება ზემოაღნიშნული დადგენილების მოთხოვნებს და საჭიროებს დაზუსტებას /დამატებით განხილვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზუსტებული უნდა იქნეს, ექსპლუატაციის ეტაპზე მოსალოდნელი ნარჩენი ლამის შემდგომი მართვის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსთან და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან და მოთხოვნებთან. ამასთან, მიზანშეწონილია ნარჩენისთვის (ლამი) წარმოდგენილი იქნას აღნიშნულის შესაბამისად ევროკავშირში ან/და სხვა განვითარებულ ქვეყნებში არსებული მიდგომები და პრაქტიკა;
ბ) წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე
მოსალოდნელი ნარჩენების შესახებ, ასევე, ინფორმაცია საწარმოო ტერიტორიაზე მოსაწყობი
სახიფათო ნარჩენების დროებითი განთავსების უბნის შესახებ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და 27 იანვარი 2026 N 2 1 / 8 1 6 დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ №145 დადგენილების მე-10 მუხლის მოთხოვნებს;
გ) გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, პროექტის მასშტაბის გათვალისწინებით მსხვილი სამშენებლო
ბანაკის მოწყობა არ იგეგმება. ასევე, ანგარიშის მიხედვით (სურათი 3-24 – სამშენებლო ბანაკის და
სახიფათო ნარჩენების განთავსების მოედნის სავარაუდო განთავსების ადგილები) სამშენებლო
ბანაკის/საწყობის საერთო ფართობია 750 მ2. სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული მოთხოვნის (N4;
ბრძანება N41/ს; 26/01/2024) შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იყოს ასევე, სამშენებლო ბანაკ(ებ)ის დაზუსტებული ადგილმდებარეობა (GPS კოორდინატების მითითებით, shp ფაილებთან ერთად), ასევე, დასაბუთებული უნდა იყოს ბანაკის განთავსებისთვის შერჩეული ადგილმდებარეობის გარემოსდაცვითი და ტექნიკური უპირატესობები, ამასთან, უახლოეს მოსახლემდე მანძილი;
დ) გზშ-ის ანარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით (ცხრილში 4 – სახეობრივი
შემადგენლობა), ფლორის სახეობებს შორისაა ძელქვა (Zelkova Carpinifolia), ასევე ანგარიშის
თანახმად, ,,ეს სახეობები არ სარგებლობენ დაცვის განსაკუთრებული სტატუსით”. ძელქვა (Zelkova
Carpinifolia) დაცულია “საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №190 დადგენილების შესაბამისად, საკონსერვაციო
სტატუსით – VU მოწყვლადი. საკითხი საჭიროებს დაზუსებას;
ე) გზშ-ის ანგარიშში IUCN-ის (ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირი) მაგივრად მითითებულია IUSN
red list, (ცხრილი 3). ასევე არასწორად არის მითითებული საკონსერვაციო სტატუსები, მაგალითად
ძელქვა (Zelkova Carpinifolia), IUCN-ის მიხედვით მისი სტატუსია VU-მოწყვლადი. ასევე, მსგავსი
უზუსტობები დაშვებულია სხვა სახეობების საკონსერვაციო სტატუსების აღნიშვნაშიც. საკითხი
საჭიროებს დაზუსტებას;
ვ) გზშ-ის ანგარიშში (ცხრილი 7) საკვლევ ტერიტორიაზე გავრცელებულ ძუძუმწოვრებთან,
კერძოდ, მგელთან (Canis lupus) დაკავშირებით მითითებულია, რომ იგი დაცულია „ევროპის
ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ (ბერნის) კონვენციის მეორე
დანართით, თუმცა 2025 წლის მარტიდან, ევროკავშირის წინადადების საფუძველზე, მგელი (Canis
lupus) ბერნის კონვენციის მეორე დანართიდან (II Appendix – მკაცრად დაცული სახეობები)
გადავიდა მესამე დანართში (III Appendix – დაცული სახეობები). ასევე დათვი – (Ursus arctos) და
წავი (Lutra lutra) ბერნის კონვენციის მეორე დანართითაა (II Appendix – მკაცრად დაცული
სახეობები) დაცული. საკითხი საჭიროებს დაზუსტებას. აგრეთვე, საჭიროა დაზუსტდეს
ქვეწარმავლების, ამფიბიების და იქთიოფაუნის საკონსერვაციო სტატუსები, კერძოდ
წარმოდგენილი გზშ-ის ანგარიშის მიხედვით: წყლის ანკარას – (Natrix tessellate) – მინიჭებული აქვს
სტატუსი – LC – მინიმალური საფრთხის ქვეშ მყოფი, ხოლო კავკასიური გომბეშო – (Bufo
verrucosissimus) – NT – საფრთხესთან ახლოს მყოფი, “საქართველოს „წითელი ნუსხის“
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №190 დადგენილების
შესაბამისად, აღნიშნული სახეობები არ არიან წითელი ნუსხით დაცულები. ასევე მსგავსი
უზუსტობები დაფიქსირებულია სხვა ქვეწარმავლების, ამფიბიების და იქთიოფაუნის სახეობების
საკონსერვაციო სტატუსების აღნიშვნაშიც. შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის
შესწორება, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №190 დადგენილებით
დამტკიცებულ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოცემული სახეობების, ასევე მათი
მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსების (ე.წ. საკონსერვაციო სტატუსი) შესაბამისად;
ზ) გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში ჭრას დაქვემდებარებული
მცენარეების სახეობრივი შემადგენლობისა და მახასიათებლების შესახებ (ე.წ ტყეკაფის უწყისი)
ინფორმაცია მითითებულია თავი 3.4.3-ში, თუმცა აღნიშნულ თავში ამ საკითხთან დაკავშირებით
ჩანაწერი არ გხვდება, გარდა აღნიშნულისა: ,,ხე-მცენარეული საფარის გასუფთავების სამუშაოების დაწყებამდე (საჭიროების შემთხვევაში) ტერიტორიების შემოწმება ცალკეული სახეობების საბუდარი ადგილების/სოროების გამოვლენის მიზნით რეპტილიების, ამფიბიების ანდა მათი ბუდეების (ფრინველები) აღმოჩენის შემთხვევაში მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა/გადატანა; თავიდან იქნეს აცილებული მსხვილი ხეების მოჭრა ან შენობა-ნაგებობების დემონტაჟი პერიოდში, რომელიც ყველაზე მგრძნობიარეა ფრინველების ბუდობის, გამოჩეკვისას (აპრილიდან ივლისამდე)”. საჭიროა დაზუსტდეს დაგეგმილია, თუ არა ხე-მცენარეების ჭრა და ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია ჭრას დაქვემდებარებული მცენარეების სახეობებისა და რაოდენობის შესახებ;
თ) გზშ-ის ანგარიშში მითითებული კვლევები, ბიოლოგიურ გარემოსთან დაკავშირებით,
სკოპინგის ანგარიშში მითითებული კვლევის იდენტურია (მოცემულია 2023 წლის კვლევები)
აგრეთვე, ვინაიდან წარმოდგენილ საველე კვლევასა და სავარაუდო სამშენებლო სამუშაოების
დაწყებას შორის არსებული დროითი შუალედი ზრდის ბიოლოგიური გარემოს ცვლილების რისკს,
სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა გათვალისწინებული იყოს საპროექტო
ტერიტორიის წინასამშენებლო კვლევის განხორციელება. აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ
უნდა იქნას შესაბამისი ინფორმაცია;
ი) გზშ-ის ანგარიშის თანახმად, ,,პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტერიტორიის
პერიმეტრის გამწვანება ხელოვნური ნარგავებით. ცალკე აღსანიშნავია სალამე ინფრასტრუქტურა,
რომელიც გამწვანებული მოედნების სახით მოეწყობა. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად შეარბილებს
ახალი ნაგებობების მოწყობის შედეგად არსებულ ვიზუალურ-ლანდშაფტურ გარემოზე
უარყოფითი ზემოქმედების რისკებს”. წარმოდგენილ იქნას ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული
გამწვანებითი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესობა მიენიჭება საპროექტო არეალში
ბუნებრივად გავრცელებულ სახეობებს;
კ) წარმოადგინილი უნდა იქნას განახლებული გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა, რომელშიც
ცალკე გრაფაში აისახება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის კუთხით განსახორციელებელი
ქმედებების სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ანგარიშგების პერიოდულობის საკითხი.
ექსპლუატაციის ეტაპის მონიტორინგის გეგმაში ასევე საჭიროა აისახოს ცხოველთა სახეობების
საბინადრო ადგილების და შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობაზე დაკვირვების
საკითხი, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა-
განხორციელების მიზნით;
ლ) გზშ-ის ანგარიშის მიხედვით (თავი 7.4 – ზემოქმედება დაცულ ტერიტორიებზე), ,,საპროექტო
ტერიტორია არ კვეთს დაცული ტერიტორიების საზღვარს, ხოლო თავი – 7.8-ის მიხედვით
(ზემოქმედება ტყის რესურსებზე), საპროექტო ტერიტორიასთან მისასვლელი გზა ჯამში
დაახლოებით 1,120 მ სიგრძისაა, საიდანაც 700მ გადის აჯამეთის ნაკრძალის ტერიტორიაზე”.
საკითხი საჭიროებს დაზუსტებას. აჯამეთის დაცულ ტერიტორიებს მინიჭებული აქვს
აღკვეთილის სტატუსი, ხოლო დანართით წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ
მილსადენი კვეთს აჯამეთის აღკვეთილის საზღვარს, რასთან დაკავშირებითაც სსიპ დაცული
ტერიტორიების სააგენტოს მიერ 2025 წლის 2 ოქტომბერს გაცემულია ბრძანება GOV N ო-205
აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე 2520 კვ.მ მიწის ფართობზე განსაკუთრებული
დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე (აღნიშნული
ბრძანება ასევე თან ახლავს გზშ-ის ანგარიშს);
მ) ვინაიდან, საპროექტო ტერიტორიის ნაწილი კვეთს აჯამეთის აღკვეთილს, გათვალისწინებული
უნდა იყოს ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის
ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს
მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის №408 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის
მოთხოვნები, ვინაიდან ამავე დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად ნორმების დადგენის
საზღვრებად მიიჩნევა ობიექტის ტერიტორიიდან არაუმეტეს 500 მ-იანი დაშორების მანძილის
საზღვარი, ხოლო დაცული ტერიტორია ობიექტიდან/გამწმენდიდან მდებარეობს 150 მ მანძილის
დაშორებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების გათვალისწინება და გადამუშავებული ზდგ-ის ნორმების პროექტის წარმოდგენა;
ნ) წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის
ექსპლუატაციის პროცესში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობრივი მაჩვენებლები არ
აჭარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრულ მნიშვნელობებს ობიექტებიდან
დადგენილ საკონტროლო წერტილებში. თუმცა, მაქსიმალური კონცენტრაცია ეთილმერკაპტანის,
ზდკ-ს წილი შეადგენს 0,96მგ/მ3, აღნიშნული მაჩვენებელი კრიტიკულად მაღალია, რაც ასევე
საჭიროებს დაზუსტებას;
ო) ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტში მოცემულია, რომ საკანალიზაციო ქსელის
და გამწმენდი ნაგებობის პროექტირების პროცესში ჩატარდა ჰიდრავლიკური მოდელირება, რის
მიხედვითაც განისაზღვრა საკანალიზაციო ქსელის და გამწმენდი ნაგებობის საჭირო მაქსიმალური
პარამეტრები 2027 წლისთვის, შესაბამისი მარაგების გათვალისწინებით. თუმცა 2040 წლისთვის
მოსახლეობის ზრდის დინამიკა და შესაბამისი ჩამდინარე წყლების მაქსიმალური რაოდენობის
მაჩვენებელი წარმოდგენილი არ არის. საკითხი საჭიროებს დაზუსტებას. ამასთან, გზშ-ის
ანგარიშის (ქვეთავი 3.4.2) შესაბამისად გამწმენდი ნაგებობა დააკმაყოფილებს ცხრილში 4.1.1.- ში
მოცემულ საპროექტო კრიტერიუმებს, თუმცა, გზშ ანგარიშში აღნიშნული ცხრილი არ იძებნება,
შესაბამისად გაუგებარია საპროექტო კრიტერიუმების შესახებ საკითხი, რაც ასევე საჭიროებს
დაზუსტებას;
პ) გზშ ანგარიშის მიხედვით (ქვეთავი – 3.2.1 „გამწმენდი ნაგებობის საპროექტო კრიტერიუმები)
მოსახლეობის ძირითადი მონაცემები ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მოსახლეობის აღწერის მონაცემებს, თუმცა, ანგარიშში არ არის წარმოდგენილი
განმარტება, თუ როგორ და რა მეთოდოლოგიით იქნა გამოყენებული აღნიშნული მონაცემები
საპროექტო ჰიდრავლიკური და დაბინძურების დატვირთვების განსაზღვრისას, ამასთან,
წარმოდგენილ ცხრილებს არ ახლავს შესაბამისი ტექსტური ახსნა, რაც საჭიროებს დაზუსტებას.
ასევე, გზშ-ის ანგარიშში (ქვეთავი – 3.3.2 „მოსახლეობა და ჩამდინარე წყლების წარმოქმნა”)
ცხრილის სახით მოცემულია საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებული მოსახლეობის
რიცხოვნობის გაანგარიშება 2040 წლის ჩათვლით, თუმცა არ არის განმარტებული გამოყენებული
დაშვებები, მოსახლეობის ზრდის/კლების სცენარები ან სისტემასთან ეტაპობრივი მიერთების
საკითხები, რაც საჭიროებს დაზუსტებას;
ჟ) წარმოდგენილ ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტში არ არის დადგენილი
კოლი-ინდექსის/E.coli ნორმა, რაც დასაზუსტებელია;
რ) ვინაიდან, პროექტის თანახმად UV ულტრაიისფერი სადეზინფექციო სისტემის მოწყობა
გათვალისწინებულია მხოლოდ მე-2 ფაზისთვის კოლი-ინდექსის/E.coli ნორმის უზრუნველყოფის
მიზნით, დაზუსტებას საჭიროებს ექსპლუატაციის ეტაპზე ბიოლოგიურად გაწმენდილი
ჩამდინარე წყლების ქლორირების ან ოზონირების საკითხი;
ს) გზშ-ის ანგარიშში (ქვეთავი 3.3.5 – „ჰიდრავლიკური გამოთვლა და მილის დიამეტრი“)
აღნიშნულია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ბაღდათში ჩამდინარე წყლების ყველაზე მაღალი
გამომუშავება მოსალოდნელია 2027 წელს, წყლის მოხმარების სავარაუდო პროგრესული
შემცირების გამო, მიღებული სცენარი არის 2040 წელი, რომელიც ითვალისწინებს აგრეთვე
გაფართოების ზონებში წარმოქმნილ ჩამდინარე წყლებს ქალაქ ბაღდათის გარეთ (ფერსათის,
დიმის და ნერგეეთის ნაწილები). ჩამდინარე წყლების ჯამური ნაკადი გაფართოების ზონის
ჩათვლით იზრდება 60,25 ლ/წმ-მდე.” თუმცა ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რა საწყისი
ნაკადის მნიშვნელობიდან ხდება აღნიშნული ზრდა და რა გაანგარიშებებს, ან დაშვებებს ეფუძნება ეს მაჩვენებელი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში წარმოდგენილია გაფართოების ზონები (ფერსათის, დიმის და ნერგეეთის ნაწილები) აღწერილობითი ნაწილიდან არ ირკვევა კონკრეტულად რა ტერიტორიები იგულისხმება აღნიშნულ ზონებში და რა დამატებითი დატვირთვები არის მათთან დაკავშირებული. წარმოდგენილი კარტოგრაფიული მასალა ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის გასაგებ აღქმას, ვინაიდან ზონები კოდიფიცირებულია და კოდების განმარტება ანგარიშში არ არის მოცემული. შესაბამისად, საკითხი საჭიროებს დაზუსტებას;
ტ) გზშ-ის ანგარიშის მიხედვით (ქვეთავი 4.3.1) „…საქართველოში (მათ შორის რეგიონში), არ
არსებობს მსგავსი სისტემების (ინდივიდუალური გამწმენდი სისტემები) გამოყენების ტრადიცია
და გამოცდილება. გარდა ამისა, ასეთი სისტემების მონტაჟი და ოპერირება მოითხოვს საკმაოდ
მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს. პროექტირების ამ ეტაპზე უპირატესობა მიენიჭა საერთო
გამწმენდი ნაგებობის მოწყობას. შესაბამისად, ინდივიდუალური გამწმენდი დანადგარების
გამოყენების ალტერნატიულ ვარიანტზე ამ ეტაპზე უარი ითქვა.” ანგარიშში არ არის
წარმოდგენილი აღნიშნული ალტერნატივის ტექნიკური, გარემოსდაცვითი ან ოპერაციული
შეფასება და არ არის დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რა ფაქტორებმა განაპირობა მისი
უარყოფა. მხოლოდ ფინანსური მოსაზრებები ვერ ჩაითვლება ალტერნატივის გამორიცხვის
საკმარის საფუძვლად. ამასთან, განცხადება ქვეყანაში შესაბამისი გამოცდილების არარსებობის
შესახებ არ არის კორექტულად დასაბუთებული, ვინაიდან ინდივიდუალური ჩამდინარე წყლების
გამწმენდი სისტემები უკვე გამოიყენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის
თბილისის შემოგარენის ახალ განაშენიანებულ არეალებში, სადაც არსებობს შესაბამისი
ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. საკითხი საჭიროებს დაზუსტებას;
უ) გზშ-ის ანგარიშში (ქვეთავი 4.4 – „კანალიზაციის ქსელის ალტერნატივები”) აღნიშნულია, რომ
საკანალიზაციო ქსელის მარშრუტისა და სხვა ალტერნატიული ვარიანტების განხილვა არ არის
მიზანშეწონილი, ვინაიდან, იგი უნდა ,,მოეწყოს არსებული რელიეფისა და ბენეფიციარების
განლაგების გათვალისწინებით და სხვა ვარიანტებს გარემოსდაცვითი უპირატესობა არ ექნება.”
აღნიშნული მიდგომა დასაზუსტებელია, რადგან საკანალიზაციო ქსელი არ წარმოადგენს
დამოუკიდებელ კომპონენტს და მისი ტექნიკური თუ სივრცობრივი გადაწყვეტები უშუალოდ
არის დამოკიდებული გამწმენდი ნაგებობის ტიპსა და მდებარეობის ალტერნატივებზე. განხილულ
უნდა იქნას საკანალიზაციო ქსელის კომპონენტი გამწმენდი ნაგებობის ალტერნატივებთან ერთიან კონტექსტში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს უპირატესი ალტერნატივის შერჩევის
გადაწყვეტილებაზე. საკითხი საჭიროებს დაზუსტებას;
ფ) გზშ-ის ანგარიშში (ქვეთავი – 5.2.4 „წყალდიდობა/მდინარის ნაპირების ეროზია“) განხილულია
მდ. რიონთან დაკავშირებული წყალდიდობის პროცესები და დასკვნის სახით მითითებულია, რომ
საპროექტო ტერიტორია რიონის დატბორვის ზონის მიღმა მდებარეობს, თუმცა აღნიშნული
საჭიროებს დაზუსტებას, ვინაიდან ტექსტში მითითებულია, რომ ,,საპროექტო ტერიტორია
მდებარეობს მდ. ხანისწყლის ნაპირზე, სადაც მოწყობილია ძველი მდინარის ნაპირის დამცავი
სტრუქტურა. დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ფერდობის სტაბილიზაციასა და სანაპირო
კედლის რეკონსტრუქციას”, შესაბამისად, მოცემულ ქვეთავში წარმოდგენილი უნდა იყოს მდ.
ხანისწყლის დატბორვისა და სანაპირო ეროზიის რისკების შეფასება. ამასთან, ქვეთავში – 5.3.2 „მდ.
ხანისწყლის დეტალური ჰიდროლოგიური კვლევა“ არსებული სახით არ იძლევა საკმარის და
თანმიმდევრულ ინფორმაციას: ტექსტი სტილისტურად და აზრობრივად დაუმუშავებელია,
მითითებული დანართი 6, რომელიც ანგარიშის მიხედვით უნდა ასახავდეს წყალდიდობის
ალბათობას, არ არსებობს (დანართი 6 წარმოადგენს ნარჩენების მართვის გეგმას), ხოლო
მითითებული რუკები არ არის წარმოდგენილი, ასევე „ნიადაგის ტიპის რუკად“ მითითებული
გამოსახულება ფაქტობრივად ასახავს მდ. ხანისწყლის აუზის სიმაღლეთა მოდელს, რაც
გაუგებარია. აღნიშნული საკითხი საჭირებს დაზუსტებას;
ქ) გზშ-ის ანგარიშის მიხედვით (დანართი 7 – ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა),
ექსპლუატაციის ეტაპზე აღსანიშნავია გაუწმენდავი ჩამდინარე წყლების ზალპური ჩაშვება მდ.
ხანისწყალში. თუმცა ჩამდინარე წყლების რაოდენობა იმდენად მცირეა მიმღები წყლის ობიექტის
ბუნებრივ ხარჯებზე, რომ ავარიულ სიტუაციების შემთხვევაშიც კი შეუქცევადი ზემოქმედების
რისკები პრაქტიკულად არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საკანალიზაციო წყლების
დიდი ნაწილი ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდ. ხანისწყალში. ექსპლუატაციის
ეტაპზეც ავარიული სიტუაციების განვითარების მხრივ მაღალი რისკის მქონე უბნები არ
იარსებებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ავარიული
წყალსაგდების მოწყობა.” აღნიშნული ტექსტი ძირითადად ეფუძნება არსებული მდგომარეობის
შედარებით არგუმენტაციას და ჩამდინარე წყლების მცირე მოცულობის კონსტატაციას, თუმცა არ
წარმოადგენს სისტემურ ავარიულ ანალიზს და არ ასახავს პრევენციულ, საპასუხო და შერბილების
ღონისძიებებს აღნიშნული ავარიული სცენარისთვის. ასევე, არ არის დეტალურად განხილული
ანგარიშში ავარიული წყალსაგდების შესახებ ინფორმაცია. საკითხი საჭიროებს დაზუსტებას;
ღ) გზშ-ის ანგარიშში (ქვეთავი 7.15 – „ავარიული სიტუაციები“) წარმოდგენილია, რომ ,,დაგეგმილი
საქმიანობა არ ითვალისწინებს გეოლოგიურ გარემოზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას.
გათვალისწინებული არ არის ხანძარსაშიში და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების შენახვა-
გამოყენება. სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება მოკლე პერიოდის განმავლობაში. გამწმენდი
ნაგებობის ოპერირების ტექნოლოგიური პროცესი აბსოლუტურად უსაფრთხოა და არ
უკავშირდება რაიმე სახის მნიშვნელოვანი ავარიის განვითარებას. საერთო ჯამში საქმიანობის
განხორციელების შედეგად მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფების რისკები მოსალოდნელი
არ არის.” თუმცა, აღნიშნული შეფასება არასაკმარისია პროექტის ხასიათის გათვალისწინებით.
ავარიული სიტუაციების განხილვა არ მოიცავს გამწმენდი ნაგებობის ტექნიკური ელემენტების
მწყობრიდან გამოსვლის შესაძლო სცენარების შეფასებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს
გაუწმენდავი ან უხარისხოდ გაწმენდილი ჩამდინარე წყლების გარემოში მოხვედრა. ამასთან, არ
არის გაანალიზებული ქვედა დინებაში ზემოქმედებები ავარიული ჩაშვების შემთხვევაში და არც
კლიმატურ ექსტრემებთან დაკავშირებული რისკები, მათ შორის მდ. ხანისწყლის მიერ
ტერიტორიის შესაძლო დატბორვა. საკითხი საჭიროებს დაზუსტებას;
ყ) გზშ-ის ანგარიშის მიხედვით (ქვეთავი “1.1 ზოგადი მიმოხილვა”. გვ. 1), დაგეგმილი საქმიანობის
კომპონენტს წარმოადგენს დამცავი ჯებირის აგება, თუმცა ანგარიშის შემდგომ ნაწილებში არ არის
წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაცია აღნიშნული ნაგებობის ტექნიკური პარამეტრების,
განთავსების, ფუნქციური დანიშნულებისა და გარემოზე შესაძლო ზემოქმედებების
(ჰიდროლოგიურ, გეომორფოლოგიურ და ეკოლოგიურ პროცესებზე და სხვა) შესახებ.
ზემოქმედება, შესაბამისად მისი არგუმენტირებული აღწერისა და შეფასების არარსებობა
წარმოადგენს შინაარსობრივ ხარვეზს და არ იძლევა აღნიშნული პროექტის კომპონენტის
გარემოსდაცვითი გავლენების სრულფასოვანი შეფასების შესაძლებლობას. საკითხი საჭიროებს
დაზუსტებას;
შ) გზშ-ის ანგარიშში არასრულად არის წარმოდგენილი ჰიდროლოგიური სახის ინფორმაცია –
განხილულია მხოლოდ მაქსიმალური ხარჯები და დონეები. საპროექტო არეალში ეროზიული და
დატბორვის პროცესების მიმართ მდინარის სენსიტურობიდან გამომდინარე, წარმოდგენილ უნდა
იქნას ჰიდრომეტრიული და ჰიდროლოგიური მახასიათებლების გაანგარიშებები: სხვადასხვა
უზრუნველყოფის საშუალო წლიური ხარჯები, მათი საანგარიშო უზრუნველყოფის შიდაწლიური
განაწილება, მყარი ჩამონადენი, კალაპოტის წარეცხვის მაჩვენებლები, საანგარიშო დატბორვის
დონეები და ა.შ. ასევე, ჭალა-კალაპოტის მორფომეტრიული პარამეტრების გაანგარიშებები, მით
უმეტეს, რომ არსებობს პროექტის დაგეგმარების არეალში კალაპოტის ჰიდრომორფოლოგიური
აქტივობის განხილვის საშუალება დინამიკაში, 18 წლიანი პერიოდით – 2004-2022 წწ. (გვ.72, სურ.
3-26). აღნიშნული საკითხები საჭიროებს დაზუსტებას;
ჩ) ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის მიხედვით, გამწმენდი ნაგებობის
მოწყობისთვის შერჩეულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი – ს/კ: 30.03.37.042, ხოლო გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, ჩამდინარე
წყლების გამწმენდი ნაგებობის აგება იგეგმება იმავე ტერიტორიაზე, სადაც საბჭოთა პერიოდში
იგეგმებოდა მისი აგება. საპროექტო ტერიტორიის საკადასტრო კოდია: 30.03.37.067. აღნიშნული
საკითხი საჭიროებს დაზუსტებას;
ც) გზშ ანგარიშს არ ერთვის აკრონიმების განმარტების სია, რაც ართულებს წარმოდგენილი
ინფორმაციისა და შინაარსის აღქმას. საკითხი საჭიროებს დაზუსტებას;
ძ) ანგარიშში წარმოდგენილი ჰიდროლოგიური ტერმინოლოგია არაზუსტია (უნდა იყოს – არის),
კერძოდ: ჩამონადენი – ნაკადი; ხარჯი – მაჩვენებელი; დაკვირვების რიგი (ხანგრძლიობა) –
ინტერვალი; ჰიდრომეტრული სადგური – საზომი სადგური; უზრუნველყოფა (ალბათობა,
პერიოდულობა) – დაბრუნების პერიოდი და სხვა;
ჭ) სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ცნობით, წარმოდგენილი Shp ფაილების
არეალი სააგენტოში არსებული ინფორმაციით, ნაწილობრივ კვეთს მანგანუმის ყვირილის
დეპრესიის (უბანი როკითი) საბადოს კონტურს. აღნიშნულ ტერიტორიაზე პროდუქტული ფენა
განლაგებულია სიღრმეზე და საბადოს დამუშავების შემთხვევაში წიაღისეულის მოპოვება უნდა
განხორციელდეს მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრის მეშვეობით. „წიაღის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული
სააგენტო არ არის წინააღმდეგი განხორციელდეს წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში
გადაცემა, იმ პირობით, რომ საბადოზე ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში არ შეიზღუდება
წიაღისეულით სარგებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოსთან შეთანხმების შესახებ ინფორმაცია;
ხ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით,
ვინაიდან, საპროექტო არეალში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ისტორიული
ნაგებობებია და არსებობს მათ სიახლოვეს არქეოლოგიური ფენების აღმოჩენის ალბათობა,
სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მიწის სამუშაოები წარიმართოს არქეოლოგის
ზედამხედველობით შემდეგი ძეგლების ფიზიკური დაცვის არეალებში (ძეგლიდან 50 მ-ის
რადიუსში): 1. სოფ. დიმის მთავარანგელოზის ეკლესიასთან, 2. სოფ. დიმის კვეტენაძეების ეზოში
მდებარე კოშკთან, 3. სოფ. პირველი ფერსათის „სალხინო“-ს ეკლესიასთან, 4. სოფ. პირველი
ფერსათის ქვედა სასაფლაოს ეკლესიასთან, ანგარიშის საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენის ვალდებულებით, რის შესახებაც
წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ინფორმაცია; გთხოვთ, უზრუნველყოთ ყველა ზემოაღნიშნული საკითხის/შენიშვნის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის 2 თვის ვადაში წარმოდგენა. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ.
ელენე ღუბიანური
სააგენტოს უფროსი
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
https://edocument.ge/mea/public/#/816-21-2-202601271429




