M4EG განვითარების გეგმის ახალი მეთოდოლოგიის გაცნობისა და პილოტირების დაწყების მიზნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ M4EG-ის (UNDP) გუნდის წევრები და წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ARUP-ის ექსპერტები.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ და ბაღდათის მერიის საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თინა აბულაძემ, ექსპერტებს გააცნეს მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალი, ისაუბრეს გამოწვევებზე და შეაჯერეს სამომავლო ნაბიჯები, გეგმის შემუშავებისათვის.
ვიზიტის ფარგლებში M4EG-ის (UNDP) გუნდის წევრები და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ARUP-ის ექსპერტები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკურ გუნდს და საკრებულოს დეპუტატებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა კურორტი საირმე, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი და ის პროექტები მოინახულეს, რომლებიც M4eg პირველი ფაზის ფარგლებში შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმით იყო გაწერილი და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის დაფინანსებით განხორციელდა.
ახალი თაობის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა ბაღდათის მუნიციპალიტეტს, დაეხმარება დაგეგმოს ლოკალური და გლობალური გამოწვების მიმართ მედეგი პროექტები, უფრო მწვანე, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ ინტერესის გაღვივებასა და სანდო პარტნიორების მოძიებას. ბაღდათის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივას “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” 2018 წელს შეურთდა. “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ინიციატივის მიზანია, მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, რაც გულისხმობს მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.