გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პარლამენტის წევრი, ბაღდათის დელეგატი დეპუტატი ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში იმყოფებოდნენ, სადაც კომპანიაში „აგროლეინი“ მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნენ. ასევე, მოცვის წარმოებაში ჩართულ ფერმერებსაც შეხვდნენ და მათგან მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის პროცესის შესახებ მიმდინარე ინფორმაცია მოისმინეს.
„სახელმწიფოს აქტიური ხელშეწყობით, რაც გულისხმობს ფინანსებზე, ცოდნაზე, ტექნოლოგიებზე, ბაზრებზე წვდომაში მხარდაჭერას, დღეს მოცვის ბაღები საქართველოში 2,700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მოცვი, თხილთან და ციტრუსთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ჩვენი ფერმერების და მეწარმეების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო გახდა. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 28 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (5.0 ათასი ტონა) ლურჯი მოცვი, რაც 33%-ით აღმატება 2023 წლის მაჩვენებელს. ექსპორტის ამ მონაცემების წინაპირობა ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოყვანილი პროდუქციის წარმოებაა“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
,,იმერეთში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. მათ შორის დაფინანსებული არის მოცვის ბაღები და სამაცივრე მეურნეობები. დღეს, ბაღდათში მოცვის ბაღს ვესტუმრეთ და პროდუქციის ექსპორტზე გატანის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოვისმინეთ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამებით ფერმერების დაფინანსება რეგიონის ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს” – აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.
კომპანია „აგროლეინი“ აერთიანებს ლურჯი მოცვის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს – პირველად წარმოებას, გადამუშავებას და ექსპორტს.