ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.
აღნიშნულ კომისიას მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე უხელმძღვანელებს.
კომისია თავისი საქმიანობის განხორციელებისას იხელმძღვანელებს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და დებულებით.
კომისია ითანამშრომლებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოსა და საქართველოს მთავრობის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან. პერიოდულად მიაწვდის მათ ინფორმაციას და რეკომენდაციებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
კოორდინაციას გაუწევს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.